გრანდიოზული კონცერტი შაბათს – 18 იანვარს ჩატარდება

18 იანვარს, 19:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში ნორჩი პიანისტები გალა კონცერტს გამართავენ. გრანდიოზული ღონისძიების მონაწილე 10 ბავშვი, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ. კონცერტზე მისასალმებელი სიტყვით წარდგება ცნობილი პიანისტი – ელისო ბოლქვაძე. სცენა დაეთმობა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი გაბუნიასაც, რომელიც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრებს. გრანდიოზულ საღამოს შეუერთდება რუსთავის მერი – ნინო ლაცაბიძე.

“ეს იქნება ნიჭის ფოიერვერკი. ერთგვარი ტრამპლინი ამ ბავშვებისთვის. კონცერტზე დაუკრავენ “ჯუნიორების კონკურსის” გამარჯვებულები და ასევე ის ბავშვები, რომლებმაც გამოიჩინეს თავი ბათუმის ფესტივალის დროს. ერთ-ერთი უკვე ჩამოვიდა ერევნიდან და დიდი სიხარულით ელოდება შაბათს, როცა წარსდგება მაყურებლის წინაშე. ღონისძიებაში მონაწილეებს შორისაა 10 წლის ანდრია კაპანაძეც. მოკლედ რომ ვთქვა, მსმენელს ძალიან დიდი სიამოვნება და ბევრი სიურპრიზი ელოდება”, – ამბობს ელისო ბოლქვაძე

კონცერტი, ფონდ “ლირას” მხარდაჭერით გაიმართება, რომელიც ქართველმა პიანისტმა – ელისო ბოლქვაძემ დააფუძნა. ფონდი ხელს უწყობს ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენასა და განვითარებას.

“მნიშვნელოვანია ამ ფონდის აქტივობები, რადგან სახელოვნებო განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ რეფორმის პაკეტი უკვე მზადდება კულტურის კომიტეტში. მას საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი. კულტურის სამინისტროსთან ერთად მზადდება ეს კანონპროექტი და დაარეგულირებს სახელოვნებო განათლების ბევრ ისეთ ხარვეზს, რასაც ვაწყდებით საქართველოში. ეს პრობლემები კი 2007 წელს დაიწყო, როცა სააკაშვილმა ყველა მუსიკალურ სკოლას თუ ათწლედს სტატუსი მოუხსნა”, – აცხადებს ცნობილი პიანისტი.

ელისო ბოლქვაძე კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მიზანია მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები ხარისხიან სახელოვნებო განათლებას ეზიარონ.

“ამ კანონპროექტის საბოლოო სახე უნდა იყოს ისეთი, რომ სახელოვნებო განათლება მთელს საქართველოს მისწვდეს. ახალგაზრდა ნიჭიერ ბავშვებს, საკუთარი ნიჭის რეალიზება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უნდა შეეძლოთ. სკოლებში უნდა დაინერგოს ხარისხიანი სახელოვნებო ცოდნა და ამას ადრეულ ასაკში უნდა ეზიარონ. ამაზე ძირფესვიანად ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდით და ვადგენდით კანონპროექტს, როცა კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი იყო. კანონპროექტი ბევრ დადებით მხარეს მოიცავს და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობაა”, – ჰყება REALURI.GE-სთან საუბრის დროს, ცნობილი პიანისტი და “ფონდ ლირას” დამფუძნებელი, ელისო ბოლქვაძე

გრანდიოზულ კონცერტს, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის დეპუტატები და ელჩები, ასევე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *