
საქართველოს კულტურის პალატის ბაზაზე ახალი საინფორმაციო სააგენტო – REALURI.GE დაარსდა. მედიის პრეზენტაცია დახურულ რეჟიმში გაიმართა. საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე მკითხველი ყოველდღიურად გაეცნობა ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს. ობიექტური, რეალური და გადამოწმებული ინფორმაციის საშუალებით, პლატფორმა მთლიანად მორგებული იქნება მკითხველის ცნობიერების ამაღლებაზე. დამფუძნებელი კულტურის პალატის პრეზიდენტი – დათო ოქიტაშვილია.
„2025 წელს ვეგებებით უდიდესი სიურპრიზებით – დავაფუძნეთ ახალი საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მთლიანად მოემსახურება ჩვენს საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მედია. ეს პირველ რიგში ხალხის ხმაა. ჩვენი გუნდი 24 საათიან რეჟიმში იზრუნებს, რომ ჩვენს ხალხს, ემიგრანტებს და უცხოელ მკითხველებს მიაწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია“, – აცხადებს REALURI.GE-ის დამფუძნებელი და კულტურის პალატის პრეზიდენტი, დათო ოქიტაშვილი.

ეს არის პირველი მედიაპლატფორმა საქართველოს ბაზარზე, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ინტერნეტ არხი – TV REALURI.GE. ტელევიზიის ტექნიკური ბაზის აწყობა უკვე დასკვნით ეტაპზეა და ფუნქციონირებას მალე დაიწყებს.
„ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება ახალგაზრდებისა და ხელოვანებისთვის. მათი განსხვავებული შეხეხულებების მიუხედავად, ერთად დავსხდებით და ვისაუბრებთ. უკვე ვაწყობთ სტუდიას. შევიძინეთ ყველა ინვენტარი რაც უზრუნველყოფს ტექნიკურად მაღალი ხარისხის გადაცემების ჩაწერას. ერთის მხრივ ჩვენს მაყურებელს კარგი გამოსახულებითა და სუფთა ხმით მივაწვდით ინფორმაციას და მეორეს მხრივ სტუდიის სტუმრებს თავს კომფორტულ გარემოში ვაგრძნობინებთ.“ – ამბობს მედიაპლატფორმის დამფუძნებელი.

REALURI.GE – არის საინფორმაციო სააგენტო, რომელიც მიუკერძოებელი და ობიექტურია. მედიას არ აფინანსებს არცერთი პოლიტიკური მხარე, რაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში შესაძლებლობას გვაძლევს მოგიყვეთ ფაქტები და არა ინტერპრეტაციები.
როგორც მედიაპლატფორმის დამფუძნებელი აცხადებს, სააგენტო დაფინანსდება ჩინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ, რომელიც საქართველოს კულტურის პალატის ბაზაზე დაარსდა.
„როგორც გითხარით, 2025 წელს ვიწყებთ ბევრი სიურპრიზით. საქართველოს კულტურის პალატის ბაზაზე დაარსდა ჩინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა. რეგისტრაცია უკვე გაიარა იუსტიციის სამინისტროში. სამრეწველო პალატის დაარსების მიზანი არის ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების, ჩვენი სააგენტოსა და ინტერნეტ ტელევიზიის დაფინანსების საკითხი.“ – ამბობს ოქიტაშვილი.