ვევედროთ წმინდა ნინოს, მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა თუ საზოგადოებრივი რყევებისა, ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება – მეუფე შიო (მუჯირი)

,,როგორც იცით წმინდა ნინოს ეწოდება მოციქულთა სწორი, რადგან მისი ღვაწლი არ იყო ნაკლები, ქრისტეს მოციქულთა ღვაწლზე. იგი მოვიდა საქართველოში სადაც იმჟამად ცხოვრობდნენ წარმართები და ნაკლებად განათლებული და უხეში ადამიანები – და აი ასეთ სახიფათო გარემოში, იგი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას და რას ნიშნავდა ეს? – ეს იმას ნიშნავდა რომ იგი მოითხოვდა ხალხისგან, უარი ეთქვათ თავიანთ ზნე ჩვეულებებზე, დადგენილ წესებსა და ტრადიციებზე – და საოცარია ვინ მოავლინა უფალმა, აი ასეთ მძვინვარე ხალხთან, ასეთი მკვეთრი ცვლილებებისა და სინანულის მოწოდებით, 14-15 წლის გოგონა, ქალწული.

და რა იყო ქალის მოვლინების მიზეზი ჩვენს ქვეყანაზე? სწორედ ამაზე მსჯელობს შესანიშნავი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, ნიკოლოზ გულამბერიძე, ის ერთ-ერთ მიზეზად ამ მოვლენისა ასახელებს იმას, რომ ამით უფრო გამოჩნდეს ღმერთის ძალა და რომ არავინ არ გაკადრიანდეს და არ თქვას რომ ადანიანური ძალით ან ფილოსოფიური სიბრძნით – რომელიმე მამაკაცმა შეძლო ჩვენს ხალხში წარმართული სიბოროტის დამარცხება და ამიტომ უფალმა, როგორც წერს ნიკოლოზი, ნარნარად მდინარე წყლის ნექტარით დააცხრო ცეცხლი – და უძლური გუნების დედაკაცის მიერ, მოალბო სასტიკი ხალხის ქედფიცხელობა, იმისთვის რომ აქაც საქართველოშიც დადასტურდეს, პავლე მოციქულისადმი იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტება – რომ ძალა ჩემი სრულ იქმნება უძლურებაში. ეს ნიშნავს რომ ჩემი ძალა უფრო სრულყოფილად ვლინდება უძლურებაში.

როგორც ამბობს წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. ამიტომ ვადიდებთ წმინდა ნინოს და ვინახავთ მის ღვაწლს ასე სათუთად. საქართველოში და არა მხოლოდ, მთელს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო ნინოობის დღესასწაულს. ვევედროთ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო, რომ გააძლიეროს რწმენა ადამიანთა გულებში, რომ მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა თუ საზოგადოებრივი რყევებისა ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება და ადამიანების ცათა სასუფლევლისკენ მოწოდება. ამინ! ” – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირმა, სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *