განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად, დავიცვათ ღირებულებები, ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო – მიხეილ ყაველაშვილი

ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განახადა.

ყაველაშვილის თქმით, ასეთი ადამიანი თუ არსებობს, „ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“.

„მსურს, კვლავ დავუბრუნდე თავს მოხვეულ ხელოვნურ პოლარიზაციას. სამწუხაროდ, ამ პროცესში აქტიურად იყენებენ არაერთ გულწრფელ და გულანთებულ ახალგაზრდას. კარგად მახსოვს ჩემი თავი, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი. ვიცი, რამდენად მოჭარბებულია ემოციები ამ პერიოდში, რამდენად იმპულსური, მეამბოხე და ფეთქებადი ხარ, როგორი მძაფრია შეფასებები და განწყობა ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ მსგავს ემოციებზე თამაშობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმსურველები. ჩემთვის წარმოუდგენელია, არსებობდეს ქართველი ადამიანი, ვინც არ ეთანხმება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვას, ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას. თუკი არსებობს ასეთი ადამიანი, ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთად დგომით არის შესაძლებელი ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოს აშენება.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენ, ქართველები, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ვიყოთ ერთმანეთის მტრები. ჩვენ გვაქვს ერთი ენა, ერთი კულტურა, ერთი ისტორია და ერთი სამშობლო, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. თუკი ჩვენ ეს ყველაფერი გვაერთიანებს, როგორ შეიძლება, სხვა დანარჩენ საკითხებში განსხვავებული შეხედულებების გამო უარი ვთქვათ ერთმანეთზე და ერთმანეთთან საუბარზე? დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად უშვებს, რომ სადღაც შეიძლება, ცდებოდეს. ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომის დანახვა და აღიარება, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჩვენ, განსხვავებულობის მიუხედავად, მოგვიწევს, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, ამიტომ უნდა შევძლოთ რეალობისთვის თვალის გასწორება და ერთმანეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაჯობოთ სიბრაზეს საკუთარ თავში, მოვახერხოთ და მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. განსხვავებულობის მიუხედავად, უნდა დავდგეთ ერთად და დავიცვათ ჩვენი ღირებულებები. ჩვენ ერთად დგომით შეგვიძლია, საბოლოოდ ავაშენოთ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც თითოეული ქართველის გულში ცოცხლობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *