
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმა „მომენტალურად მოხდა მაშინ, როდესაც ის სასტუმროში შედიოდა“.
სიჭინავას თქმით, გახარიას შენობის შესასვლელში 10-მდე ადამიანი დახვდა.
ყოფილი პრემიერის თანაგუნდელი ამბობს, რომ გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარებდა, თუმცა სასტუმროს დაცვის სამსახური კონფლიქტში, მისი განეიტრალების მიზნით, არ ჩართულა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარია ჯერჯერობით არ გამოკითხულა.
„რამდენიმე თავდამსხმელის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ველოდებით კონკრეტული გამოძიების შედეგებს. ეს ადამიანები უნდა გამოძვრნენ საკუთარი სოროებიდან და საკუთარი პირით უნდა აღიარონ დანაშაული, ორგანიზებული თავდასხმა, რომელიც გახარიას მოუწყვეს,“ – განაცხადა სიჭინავამ.
ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, პარტიის ლიდერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე არ უნახავს.